Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამ-ის სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი დეკლარაცია კონფლიქტების მოგვარების შესახებ  


 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურები,

ხელმძღვანელობენ რა გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნებითა და პრინციპებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და პრინციპებით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუძემდებელი დოკუმენტების დებულებებით, იალტის წესდებით და კიშინეუსა და კიევის სუამ-ის დეკლარაციებით,

ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობების მიმართ და თავიანთ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიმართ,

აღნიშნავენ რა პან-ევროპული ინტეგრაციის პროცესებში სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული რეგიონული თანამშრომლობის მზარდ როლს,

ხასგასმით აღნიშნავენ რა, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას,

კვლავ ადასტურებენ რა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების პატივსიცემის აუცილებლობას, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების საფუძველს წარმოადგენს,

კვლავ ადასტურებენ რა დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივსცემის აუცილებლობას, იმ ხალხთა უფლებების ჩათვლით, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობებს, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, შემწყნარებლობის განმტკიცებისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში არსებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობისა და კულტურული ფასეულობების გამორკვევის მიზნით,

აღიარებენ რა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტები და სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, აფერხებს რეგიონში ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და მდგრადი განვითარების მიღწევას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, უარყოფითად მოქმედებს ევროპული ინტეგრაციის პროცესებზე და წარმოადგენს გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

გამოხატავენ რა ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხის გამო, რომელიც წარმოიშობა საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმის, ექსტრემიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მსგავსი საშიში მოვლენების შედეგად,

შეშფოთებულნი არიან კონფლიქტებისა და მათთან დაკავშირებული დესტრუქციული მოვლენების შედეგად ადამიანთა ხანგრძლივი ტანჯვის გამო,

მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება გაუწიონ კონფლიქტებისაგან დაზარებულ სახელმწიფოებს საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში,

კვლავ ადასტურებენ რა, რომ კონფლიქტების ძირითადი მიზეზები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშასადამე, აუცილებელია კონფლიქტების მოგვარების ყოვლისმომცველი, კომპლექსური და ეტაპობრივი მიდგომის შემუშავება,

აღიარებენ რა კონფლიქტების მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას და მოუწოდებენ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შემდგომშიც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სუამ-ის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების პროცესებს,

1.აცხადებენ, რომ კონფლიქტების მოგვარება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე განხორციელდება ამ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, ხოლო კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს.

2.გაზგასმით აღნიშნავენ, რომ არცერთი სახელმწიფოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს სამხედრო ოკუპაციისა ან მოპოვების სუბიექტი, საერთაშორისო სამართალის შესაბამისი ნორმების დარღვევით და მუქარის ან ძალის გამოყენებით. ყოვალდ დაუშვებელია მოპოვებული ტერიტორიების და თვითგამოცხადებული ტერიტორიული ერთეულების კანონიერად აღიარება.

3.ხაზს უსვამენ სახელმწიფოთა ვალდებულებებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის და სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან ნებისმიერი სხვა ზეწოლის გამოუყენებლობის შესახებ.

4.ხაზს უსვამენ სეპარატიზმისა და დისინტეგრაციის დამღუპველ ხასიათს, ძალის გამოყენების, ეთნიკური წმენდისა და ტერიტორიების მიტაცების პრაქტიკასა და საყოველთაო და ევროპული ღირებულებების, მშვიდობის, დემოკრატიის, სტაბილურობისა და რეგიონული თანამშრომლობის პრინციპებისა და იდეალების შეუთავსებლობას.

5.ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სუამ-ის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევათა კონსოლიდაციას თავიანთ ტერიტორიებზე კონფლიქტების მოგვარების მიზნით, რაც განხორციელდება არაკონტროლირებადი ტერიტორიების სახელმწიფოებთან, რომელთა ნაწილს ისინი წარმოადგენენ, რეინტეგრაციის გზით, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ამ ტერიტორიებზე განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და თითოეული მხარის სასარგებლოდ კომუნიკაციების გამოყენების გზით.

6.გაზგასმით აღნიშნავენ კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციის და ამ ზონებში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას, გაეროს ან ეუთოს ეგიდით განლაგებული მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების დახმარებითYმოსახლეობის დაბრუნებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფის მიზნით.

7.სწამთ, რომ ავტონომიის სტატუსი იმ საზოგადოებისა, რომელიც შედგება არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობისაგან, უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია მათი უფლებების დასაცავად მიიღონ თანასწორუფლებიანი მონაწილეობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო საქმეებში, ყველა დონის ლეგიტიმური რეგიონული ხელისუფლების ფომრაციის მეშვეობის ჩათვლით, შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონიერი და დემოკრატიული პროცესის ფარგლებში.

8.მიესალმებიან საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას და ხაზს უსვამენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოებისათვის დახმარების გაწევის მნიშვნელობას, ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისიწნებით, კონფლიქტების მოგვარების ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული სტრატეგიის განვითარებასა და განხორციელებაში, მოკლე და გრძლევადიანი გეგმების ჩათვლით, რომლებიც მიზნად ისახავენ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიღწევას და შენარჩუნებას.

9.დაავალეს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეიმუშაონ კონკრეტული ზომები მოცემული დეკლარაციის დებულებების განხორციელების მიზნით.

 

კიევის დეკლარაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის შექმნის შესახებ  


 

აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურები,

ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით, გაეროს წესდების დებულებებით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუძემდებელი დოკუმენტებით და, ასევე, იალტის წესდებით და კიშინეუში მიღებული სუამ-ის დეკლარაციით,

კვლავ ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის მიმართ სრულ პატივისცემას, როგორც საგარეო, ასევე შინაგან საქმეებში, აგრეთვე   თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსასარგებლო  თანამშრომლობის მიმართ,

ხაზს უსვამენ საერთო სწრაფვას ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესის დააჩქარების მიმართ,

გამოხატავენ რა ღრმა შეშფოთებას ხანგრძლივი კონფლიქტებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხის გამო, რომელიც წარმოიშობა საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის და სხვა მსგავსი ნეგატიური მოვლენების შედეგად,

კვლავ ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებებს წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე,

გაზგასმით აღნიშნავენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თავიანთი ქვეყნების შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობის გაზრდის მიზნით,

მაღალ შეფასებას აძლევენ თავიანთი სახელმწიფოების ხალხის სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას და დაინტერებულნი არიან განავითარონ თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, კულტურის, მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდათა გაცვლის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში,

ხაზს უსვამენ პან-ევროპულ პროცესებში რეგიონული თანამშრომლობის მზარდ როლს;
აცხადებენ საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის - "დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის" (შემდგომში სუამ-ად წოდებული) შექმნის შესახებ, რომლის სამდივნო კიევში განთავსდება.
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სუამ-ის საქმიანობის მიზანია დემოკრატიის გაფართოება, კანონის უზენაესობა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
კვლავ ადასტურებენ თავიანთი საქმიანობის გაფართოების აუცილებლობას სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დინამიკური ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანხმობის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის გზით.
გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლონ სუამ-ის რიგ ქვეყნებში იმ გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას და აფერხებს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე უარყოფითად მოქმედებს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესებზე და წარმოადგენს გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისათვის.
გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას შემდგომშიც გააფართოვონ თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, აგრესიულ სეპარატიზმთან, ასევე სხვა მსგავს უარყოფით მოვლენებთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
მხარს უჭერენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში და აცხადებენ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების გამნხორიცლების დაწყების თაობაზე.
აცხადებენ, რომ დაუშვებელია ეკონომიკური ზეწოლის გამოყენება და             ენერგობაზრის მონოპოლიზაცია, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობას, მათ შორის ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონებიდან ევროპის ბაზარზე ენერგორესურსების ტრანსპორტირების გზების გამრავალფეროვნების მეშვეობით.
მხარს უჭერენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საერთაშორისო სატრანზიტო გამტარობის სრულ გამოყენებას ენერგორესურსების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.
გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას გააღრმავონ თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, კულტურის, მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდათა გაცვლის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში.
კვლავ ადასტურებენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების სწრაფვას გააფართოონ ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესი და გააღრმავონ ურთიერთობები ევროკავშირთან და ნატოსთან.
ხაზს უსვამენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას შემდგომშიც განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სხვა სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
აცხადებენ, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანოზაცია - სუამი ღიაა სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მათ მიზნებსა და პრინციპებს იზიარებენ.

 

სუამ–ის 2007 წლის 18–19 ივნისის ბაქოს სამიტის დეკლარაცია  


 

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამი-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო,

ხელმძღვანელობს რა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამი-ს (შემდგომში სუამი) წესდებით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით,

იხსენებს რა, რომ ათი წლის წინ სუამის ქვეყნები გაერთიანდნენ თავიანთი გადაწყვეტილებით ერთობლივად აღუდგნენ წინ საერთო რისკებს და მუქარას, რომელიც ექმნება მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილობას,

კმაყოფილებით აღიარებს რა, რომ ამ წლების განმავლობაში სუამ-მა წარმატებით განავითარა თავისი სტრატეგიული ამოცანების ხედვა, გააფართოვა თანამშრომლობის დიაპაზონი ეკონომიკური, საპარლამენტო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების ჰორიზონტებამდე და გარდაიქმნა სრულფასოვან საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციად,

აღნიშნავს რა, რომ თანამშრომლობის საიმედო საძირკველმა, რომელიც ეფუძნება ინტერესების ერთიანობას და თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის პრინციპებს, უზრუნველყო სუამ-ის შესვლა საერთაშორისო ცხოვრებაში და შექმნა იმგვარი ტრანსრეგიონული საერთაშორისო სტრუქტურის განვითარების პირობები, რომელიც კონტინენტების გამაერთიანებელ როლს თამაშობს,

მიესალმება რა ბაქოს სამიტზე უმაღლესი დონის ფართო საერთაშორისო მონაწილეობას და განიხილავს რა ამას როგორც სუამის მზარდი მხარდაჭერის, პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივის დასტურს,

ხაზს უსვამს, რა რომ ამგვარი თანამშრომლობა ხორციელდება სუამ-ის ქვეყნების დემოკრატიული სტაბილობისა და ყველა სფეროში დინამიური განვითარების ინტერესებისათვის და ზედმიწევნით დადებით როლს თამაშობს მათი გლობალური და რეგიონალური ინტეგრაციის პროცესში,

მაღალ შეფასებას აძლევს რა სუამ-ის ქვეყნების ხალხთა სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას და გამოხატავს რა მზადყოფნას ხელი შეუწყოს კულტურებისა და ეთნოსების ნაირფეროვნების ღირებულების დამკვიდრებას, შემწყნარებლობის სულისკვეთების განმტკიცებას,

გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას იმ კრიზისებთან, რომლებიც გრძელდება, აგრეთვე იმ მზარდ მუქარებთან, რომლებიც ექმნება უსაფრთხოებას საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმის და ექსტრემიზმის, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა საშიში დანაშალობების მხრივ და ამასთან დაკავშირებით მიაბყრობს რა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმ პრობლემების სირთულეს, სერიოზულობასა და მასშტაბურობას, რომლებთანაც უხდებათ შეჯახება სუამ-ის ქვეყნებს,

1.ადასტურებს გადაწყვეტილებას, გააფართოოს თანამშრომლობა დემოკრატიული ფასეულობების, სამართლის უზენაესობის, ადამიანთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, სუამი-ს რეგიონში მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისა და სტაბილობის დამკვიდრების მიზნით.

2.აცხადებს ურყევი სწრაფვის შესახებ, განამტკიცოს სუამ-ის რეგიონული მნიშვნელობა და პოზიცია საერთო ინტერესების კონსოლიდაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით. აუცილებლად მიიჩნევს სუამი-ს რეგიონში ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნის მიზნით სრული მოცულობით აამოქმედოს მონაწილე ქვეყნების სოციალ-ეკონომოკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური, ჰუმანიტარული, საკანონმდებლო და სამართალდაცვითი პოტენციალი. ამასთან დაკავშირებით მიიღებულ იქნება დარგობრივი თანაშრომლობის განვითარების სტრატეგია.

3.მიესალმება სუამ-თან პარტნიორობის მოგვარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისადმი სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მზარდ ინტერესს და ავალებს, განხორციელდეს აქტიური მოქმედებები სუამ-ის მოღვაწეობის საერთოევროპული, ტრანსატლანტიკური, შავი ზღვის, ტრანსკასპიური და აზიური მიმართულებების განვითარების მიზნით.

4.ხაზს უსვამს სუამ-ის წევრი ქვეყნების საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობასა და სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელთა ტერიტორიები ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივად ჩამოყალიბებულ დერეფანს წარმოადგენს. ამ დერეფნის ყოველმხრივი განვითარების მიზნით ავალებს, გააქტიურდეს ძალისხმევა სუამ-ის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამ კონტექსტში აღნიშნავს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების ხელშემშლელი ბარიერების აღმოფხვრის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თანამშრომლობის გაღრმავების, ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო გავრცელებასთან და სხვა საშიშ დანაშაულობებთან ბრძოლის მნიშვნელობას.

5.გამოხატავს სწრაფვას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში, მხარი დაუჭიროს ნახშირწყალბადების ახალი წყაროების გამოვლენისათვის შემდგომ ძალისხმევას, მზადყოფნას, დაუთმოს მონაწილე ქვეყნების ტერიტორიები ამგვარი რესურსების მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისათვის, აღნიშნავს ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი სახეების შესწავლისა და განვითარების საქმეში შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას.

6.აცხადებს თემთაშორისი და კონფესიათაშორისი დიალოგის განვითარების მნიშვნელობასა და იმ პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, კონფლიქტების მოგვარებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერისათვის, ურთიერთგაგების განმტკიცებისა და გლობალური და რეგიონული ინტეგრაციის ჰარმონიული განვითარებისათვის კეთილმოსურნე პირობების შექმნისათვის, ავალებს, შემუშავდეს სუამ-ის შეაბამისი საერთაშორისო ინიციატივები.

7.ადასტურებს სუამ-ის რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებისათვის ერთობლივი აქტიური მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, კონფლიქტების მოგვარების საკითხზე სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი დეკლარაციის დებულებათა შესაბამისად, აგრეთვე ამ კონფლიქტების გადაჭრისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობას. გამოხატავს რწმენას კოფლიქტებით მოცული ტერიტორიების სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალ-ეკონომიკურ სისტემაში რეინტეგრაციის, მათი სრული რეაბილიტაციის, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში გადაადგილებული მოსახლეობის დაბრუნების, სატრანსპორტო გზების აღდგენის, ამ ტერიტორიებზე თემთაშორისი მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით ამ კონფლიქტების მოგვარების უალტერნატივობის, სამართლიანობისა და სიმტკიცის თაობაზე.

8.კმაყოფილებით აღნიშნავს სუამ-ის საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციად გარდაქმნას, სამდივნოს შექმნის ჩათვლით და განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ ბაქოს სამიტი მიმდინარეობს სუამ-ის 10 წლის იუბილის წელს. ამასთან დაკავშირებით ავალებს თავმჯდომარე მხარეს, სამდივნოსთან ურთიერთქმედებით, წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ჩაატაროს საერთაშორისო საზეიმო ღონისძიებები.

საქართველოს სახელით ------------------

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით -------------------

მოლდოვას რესპუბლიკის სახელით -------------------

უკრაინის სახელით -------------------

ქ. ბაქო, 2007 წლის 19 ივნისი