ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ზოგადი ცნობა სუამ-ის შესახებ

1996 წლის მაისში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარებულ კონფერენციაზე - «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების თაობაზე», გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციებს შორის.აღნიშნული შეხვედრა საფუძვლად დაედო ზემოხსენებული ქვეყნების სუამ-ის ფარგლებში გაერთიანებასა და შემდგომ თანამშრომლობას. 1997 წლის 10 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ქ. სტრასბურგში ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი. 1999 წლის 24 აპრილს ქ. ვაშინგტონში, უმაღლესი დონის ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, შედგა სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა და უზბეკეთის მეთაურების შეხვედრა. შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ვაშინგტონის განცხადება და ფორუმის ფორმატი ტრანსფორმირდა სუუამ-ით.

სუუამ-ის გაერთიანების სტრუქტურა და მიზნები 2001 წლის 7 ივნისიდან 2006 წლის 23 მაისამდე (2001 წლის იალტის ქარტიის მიხედვით):- სუამ-ის უმაღლეს ორგანოს წარმნოადგენს სუუამ-ის სახელმწიფოების მეთაურთა ყოველწლიური შეხვედრა;- სუამ-ის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს სუუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო;- სუამ-ის სამუშაო ორგანოს წარმოადგენს სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა კოორდინატორები;- სუამ-ის საინფორმაციო ფუნქციების შესრულება ევალება სუამ-ის სანფორმაციო ოფისს, ქ. კიევი;

სუამ-ის ფარგლებში უწყებათაშორის დონეზე თანამშრომლობის კოორდინაცია ევალება შვიდ სამუშაო ჯგუფს:1. ენერგეტიკის საკითხებში (კოორდინატორი - უკრაინა); 2. ტრანსპორტის საკითხებში (კოორდინატორი - საქართველო);3. სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში (კოორდინატორი - უკრაინა);4. საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში (კოორდინატორი - მოლდოვას რესპუბლიკა);5. კულტურის, მეცნიერებისა და განათლების საკითხებში (კოორდინატორი - საქართველო);6. ტურიზმის საკითხებში (კოორდინატორი - მოლდოვას რესპუბლიკა);7. ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში (კოორდინატორი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა).

2005 წლის 22 აპრილის კიშინეუს სამიტზე პრეზიდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე ახალი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელიც დაეფუძნებოდა 2001 წელს სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ იალტის ქარტიას და 2005 წელს მიღებულ კიშინეუს დეკლარაციას. 2005-2006 წლის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტთა ხუთი შეხვედრა და ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის სხდომები ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტების შემუშავებისა და შეთანხმების მიზნით.2006 წლის 22-23 მაისს ქ. კიევში ჩატარებულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია -- დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით.

ახალ ორგანიზაციას ნაწილობრივ შეუნარჩუნდა სახელწოდება და ახალ სახელწოდებაში კვლავ ფიგურირებს გაერთიანების ადრე არსებული აბრევიატურა სუამ-ი. თუმცა ახალი ორგანიზაციის გაფართოვების შემთხვევაშიც მას არ ჩამოშორდება ორგანიზაციის დამფუძნებელი ქვეყნების შემადგენლობის ამსახველი აბრევიატურა სუამ-ი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა). ახალი ორგანიზაციის სახელწოდებაში სუამ-ის შენარჩუნება განპირობებულია ამ გაერთიანების ყოფილი სახელწოდების პოპულარულობით საერთაშორისო არენაზე.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ძირითადი მიზნები ორგანიზაციის წესდების შესაბამისად:- დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა;- სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა;- საერთაშორისო და რგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;- ევროპის ინტეგრაციის გაღრმავება საერთო უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად, აგრეთვე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოება;- მხარეთა სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება;- ურთიერთდაინტერესების სფეროებში პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გააქტიურება.

ახალი ორგანიზაციის სტრუქტურა წესდებაში წარმოდგენილია შემდეგი სახით:1. საბჭო - საბჭო არის ორგანიზაციის ძირითადი ორგანო, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს სახელმწიფოთა მეთაურების (სამიტი), საგარეო საქმეთა მინისტრების, ეროვნული კოორდინატორებისა და მუდმივი წარმომადგენლების დონეზე.2. სამდივნოს - სამდივნო ახორციელებს სუამ-ის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. სამდივნო ფუნქციონირებს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით

სუამ-ის ორგანოებში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა მხარის მონაწილეობით, კენჭისყრის გარეშე, შეთანხმების გზით კონსენსუსის საფუძველზე. სუამ-ი არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ორგანიზაციაში თავმჯდომარეობა ხორციელდება ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც წესი, ერთი წლის ვადით, როტაციის პრინციპით ინგლისურ ალფავიტში წევრი სახელმწიფოების სახელწოდებათა თანამიმდევრობის მიხედვით.

სუამ-ი ღიაა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ვალდებულებას იღებენ დაიცვან წინამდებარე წესდების, აგრეთვე სუუამის 2001 წლის იალტის ქარტიის და სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების 2005 წლის კიშინიოვის დეკლარაციის დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის" დებულებანი.

ახალ ორგანიზაციაში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია - ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია. ახალი ორგანიზაციის ძირითადი მიზანია სუამ-ის წევრ სახელმწიფოებში თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში, აგრეთვე უსაფრთხოების, კონფლიქტების მოგვარების, სტაბილურობის და დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევების კოორდინაცია. ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარება ამ მიმართულებებით უნდა ემსახურებოდეს ამ ქვეყნების ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

ახალი ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება არსებული შეთანხმებების და პროექტების რეალიზაცია და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები შეიძენს ახალ კომპონენტებს. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-მა უკვე გადადგა პრიველი წარმატებული ნაბიჯი, როცა 2006 წლის სამიტზე პრეზიდენტების მიერ ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების საქონლის წარმოშობის დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს ხელმოწერილი შეთანხმების იმპლემენტაციას. აღნიშნული ოქმის ხელმოწერა ხსენებული შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა და ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოვებასა და განვითარებას სუამ-ის ქვეყნებს შორის.

ამასთანავე გაგრძელდება მუშაობა სუამ-ის ფარგლებში საპარლამენტო ასამბლეის და დარგობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გააქტიურების მიმართულებით. სუამ-ის ქვეყნების მუდმივი დიპლომატიური მისიები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება ასევე ნატო-ს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში. აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში რეგულარულად კეთდება სუამ-ის სახელით განცხადებები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე.

წარმატებით მიმდინარეობს სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოვება. ამ მიმართულებით და ახალი ორგანიზაციაში ახალი ინიციატივების დანერგვის მიზნით, მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრები. განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა დღეს კონფლიქტების დარეგულირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებმა. კონფლიქტების დარეგულირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე სუამ-ის ფარგლებში არსებობს სამუშაო ჯგუფები, რომელთა შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება და მოწოდებული იქნება შეიმუშავოს სუამ-ის ერთიანი პოზიცია აღნიშნულ პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში.

სუამ-ის ფარგლებში არსებული პროექტები:1. ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტი (Trade and Transport Facilitation):

პროექტის აღწერა:

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში შემდეგი მიმართულებით:-ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რაც გულისხმობს სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების ჰარმონიზაციასა და ამ სფეროებში მხარეთა საქმიანობის კოორდინაციას; -საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მოიცავს ტრეინინგს და სასაზღვრო პუნქტების (cross-border points) აღჭურვას საჭირო მოწყობილობებით; -ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა და სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა.

პროექტის იმპლემენტაციის მდგომარეობა:საქართველომ, უკრაინამ და აზერბაიჯანმა დაასრულეს (TTF) პროგრამით გათვალისწინებულ ეროვნულ გეგმაზე მუშაობა. მოლდოვას რესპუბლიკამ უკვე დაამტკიცა ხსენებული გეგმა. სუამ-ის ქვეყნების მიერ აღნიშნული ეროვნული გეგმების წარმოდგენის შემდეგ უნდა მოხდეს ერთობლივი შეჯერებული დოკუმენტის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილე ქვეყნებს კოორდინირებულად იმუშაონ პროექტის წარმატებული რეალიზაციისათვის.

2. ტერორიზმის, ორგანიზებული დამნაშავეობის, ნარკოტიკების გავრცელებისა და სხვა საშიში სახის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის ვირტუალური ცენტრისა (Virtual Center) და სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემა (Interstate Information Management System).

პროექტის აღწერა:სუამ-ის ვირტუალური ცენტრი წარმოადგენს თითოეულ ქვეყანაში შექმნილი ანტიტერორისტული ჯგუფის ან ცენტრის ერთობლივ და კოორდინირებულ საქმიანობას და პირველ ეტაპზე არ გულისხმობს ერთიანი საერთაშორისო მუდმივმოქმედი ცენტრის დაფუძნებას სუამ-ის რომელიმე დედაქალაქში.

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას შემდეგი მიმართულებით:-სუამ-ის ფარგლებში ტერორიზმის, ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობის საქმეში ძალისხმევის კოორდინაცია;-სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნების ტერორისტული, ექსტრემისტული მიზნით გამოყენების აღმკვეთი პირობების უზრუნველყოფა; -სუამ-ის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებული საქმიანობის მიზნით ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა.

 პროექტის იმპლემენტაციის მდგომარეობა: 2005 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ფინანსური დახმარებით ჩატარებული სწავლება-სემინარის შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული VLEC ცენტრი. ანლოგიური ეროვნული ცენტრები შექმნილია სუამ-ის სხვა მონაწილე სახელმწიფოებშიც. პროექტის იმპლემენტაციის შემდგომი ეტაპი გულისხმობს ინფორმაციის გაცვლის პროცესის დაწყებას, როგორც შიდა უწყებრივ დონეზე ასევე სუამ-ის მონაწილე ქვეყნების ეროვნულ ცენტრებს შორის. 2006 წლის 19 მაისს წარმატებით განხორციელდა დაშიფრული კომუნიკაციებით ინფორმაციის გაცვლის ექსპერიმენტი ერვონულ ვირტუალურ ცენტრებს შორის. შესაბამისი ბაზა აღნიშნული პროექტის სრული რეალიზაციისთვის უკვე არსებობს.

3. პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფი - Prosecutor Advisory Group (PAG)პროექტის აღწერა:ამ პროგრამის მიზანია სუამის ფარგლებში პროკურატურებს შორის თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება. საწყის ეტაპზე ჯგუფის მიზანია შესაბამისი უწყებების დახმარება და რჩევებით უზრუნველყოფა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფციასთან, ნარკოტიკული ნივითიერებების გავრცელებასა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებებთან დაკავშირებული გამოძიებები.

 პროგრამის იმპლემენტაციის მდგომარეობა:EAAT - ის ექსპერტებმა შეისწავლეს სუამ-ის ქვეყნებში არსებული ვითარება. საქართველოს გენერალური პროკურატურა მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. საქართველოს მხრიდან პროექტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირს, პროექტის მდივანს დააფინანსებს აშშ-ის მხარე.

4. ანტი-კორუფციული პროექტი პროექტის აღწერა:პროექტის მიზანია სუამ-ის ქვეყნების საქმიანობის კოორდინაცია და ჰარმონიზაცია ანტი-კორუფციულ სფეროში, ერთობლივი სტრატეგიის მიხედვით.

პროგრამის იმპლემენტაციის მდგომარეობა:პროექტის თავდაპირველი იდეა იყო სუამ-ის ქვეყნებში ანტი-კორუფციული სტრატეგიების შემუშავება, თუმცა საქართველომ უკვე დაამტკიცა ეროვნული ანტი-კორუფციული სტრატეგია. 30 ნოემბერს ქ. კიშინეუში სუამ-ის ფარგლებში ტერორიზმის, ორგანიზებული დამნაშავეობის და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ანტი-კორუფციული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის კონცეფცია, ხოლო მ.წ. 22 თებერვალს ქ. თბილისში გამართულ აღნიშნული ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე დამტკიცებულ იქნა 2006 წლის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. 2006 წლის 6-7 ივლისს ქ. თბილისში ჩატარდება პირველი ანტიკორუფციული კონფერენცია სუამ-ის ფარგლებში.

სუამ-ის ქვეყნების ვალდებულებები პროექტების განხორციელებაზე

2005 წლის 25 ივლისს ქ. ბაქოში სუამ-ის ფარგლებში ტერორიზმისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს დანაწილდა სუამ-ში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებების კოორდინაციის სფეროები

1. ვირტუალური ცენტრი და საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემა - აზერბაიჯანი; 2. ვაჭრობის და ტრანსპორტირების ხელშეწყობა TTF - უკრაინა; 3. პროკურატურების მრჩეველთა ჯგუფი (Prosecutor Advisory Group (PAG) for GUAM) - საქართველო:4. ადამიანებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა - მოლდოვა; 5. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა - აზერბაიჯანი; 6. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა - აზერბაიჯანი; 7. ანტიკორუფციული მიმართულება - საქართველო.

EAAT-ის წარმომადგენლები მუშაობენ სუამ-ის ყველა ქვეყანაში და ექსპერტულ დახმარებას უწევენ ქვეყნებს აღნიშნული პროექტების სამუშო ჯგუფების, ერთიანი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და მათ იმპლემენტაციაში. საქართველოს მხარე აქტიურად უჭერს მხარს სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას და გააქტიურებას, აგრეთვე ზემოხსენებული პროექტების რეალიზაციას, რისი დასტურიც არის საქართველოს პრემიერ მინისტრის 19 აპრილის #50 ბრძანება ეროვნულ კოორდინატორთან სუამ-ის ეროვნული უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნის შიგნით სუამ-ის საკითხებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია, რასაც განახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ