ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ერთობლივი კომუნიკეები

სუამ-ჩეხეთის რესპუბკლიკის შეხვედრის კომუნიკე, ნიუ-ორკი, 2009 წლის 25 სექტემბერი  


2009 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-ორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ზოგადი დებატების ფარგლებში გაიმართა მესამე შეხვედრა სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო-ჩეხეთის რესპუბკლიკის ფორმატში.

მხარეებმა განიხილეს ბათუმში, 2008 წლის 1 ივლისს სუამ-ის მესამე სამიტის და ჰელსინკში, 2008 წლის 4 დეკემბერს ეუთოს მე-16 მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გამართული წინა შეხვედრების შედეგები, ასევე პრაღაში, 2009 წლის 4 სექტემბერს სუამ-ის გენერალური მდივნის ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავდა სუამ-ჩეხეთის რესპუბლიკის ფორმატში თანამშრომლობის საკითხების განხილვას.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა განავითარონ პრაქტიკული პარტნიორობა და თანამშრომლობა და გაცვალეს მოსაზრებები ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ვიშეგრადთან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან სუამ-ის ურთიერთობათა განვითარების მნიშვნელობა, კერძოდ, შეთანხმდნენ გაუზიარონ სუამ-ის წევრ სახელმწიფობეს თავიანთი გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციის სფეროში, მხარი დაუჭირეს თანამშრომლობის დაწყებას სუამ-ვიშეგრადის ფორმატში და ასევე სუამ-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის საკითხის - „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის არეალში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე" ფარგლებში. გამოითქვა რწმენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სუამ-ის სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებისკენ სუამ-ის წევრი ქვეყვების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზგვრების ურღვევობის პრინციპზე დაყრდნობით.მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეათანხმონ სუამ-ჩხეთის რესპუბლიკის მომდევნო სხდომის ჩატარების ადგილი და თარიღი დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

 

 

სუამ-ის სამიტის კომუნიკე  


კიევი, 2006 წლის 23 მაისი

2006 წლის 23 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის სამიტში კიევში (უკრაინა). სამიტში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი, რუმინეთის, ყაზახეთისა და აშშ-ის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ეუთო-ს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დიპლომატიური მისიების მაღალი დონის წარმომადგენლები.

სახელმწიფო მეთაურებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტ ვლადიმერ ვორონინს სუამ-ის წარმატებული თავმჯდომარეობისთვის. სამიტის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარეობა გადაეცა უკრაინას.

სუამ-ის სახელმწიფო მეთაურებმა მიმოიხილეს 2005 წლის კიშინეუს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია, ურთიერთქმედების განვითარების პერსპექტივები რეგიონში დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფის კონტექსტში, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება.

სუამ-ის სახელმწიფო მეთაურებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ გასულ წელს შეიქმნა აუცილებელი მექანიზმები წარმატებული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, რამაც ხელი შეუწყო სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. მათ კვლავ დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების გადაწყვეტილება მიიღონ თანმიმდევრული და კონსოლიდირებული ზომები კიშინეუს დეკლარაციის «დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარების სახელით» გადაწყვეტილებების განხორციელების მიზნით.

სახელმწიფო მეთაურებმა აღნიშნეს სუამ-ის საპარლამეტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მაღალი დონე და მოუწოდეს ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დემოკრატიისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია -- სუამ-ის ინსტიტუციონალურ კონსოლიდაციაში.

მათ აღნიშნეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოების მდივნების რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობისათვის წინადადებების მომზადების მიზნით.

სამიტის მონაწილეებმა საგანგებო ყურადღება დაუთმეს თანამედროვეობის გამოწვევებსა და საფრთხეებს, კერძოდ, საერთაშორისო ტერორიზმს, აგრესიულ სეპარატიზმსა და ექსტრემიზმს და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს.

აღინიშნა, რომ ეს საფრთხეები ისევე, როგორც გადაუწყვეტელი კონფლიქტები და უცხოური ჯარების და შეიარაღების ყოფნა სუამ-ის სახელმწიფოების ტერიტორიაზე აღიარებულია, როგორც მთავარი წინაღობა რეგიონში სრულმასშტაბიანი დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს სუამ-ის სახელმწიფოების ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესები კიშინეუს სამიტის შემდეგ.

მათ აღნიშნეს პოზიტიური ცვლილებები დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ეტაპობრივი გეგმის «გადაწყვეტა დემოკრატიის გზით» განხორციელებაში, რომლის პრეზენტაცია...მოხდა კიშინეუს სამიტზე, მოლაპარაკებათა პროცესში აშშ-სა და ევროკავშირის მონაწილეობის ჩათვლით. მათ დადებითად შეაფასეს ევროკავშირის მისიის საქმიანობა უკრაინა-მოლდოვას სახელმწიფო საზღვრის აღჭურვაში დახმარებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მეთაურებმა მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გეგმის განხორციელების აუცილებლობა, რომელიც წარმოადგინა საქართველომ და მხარი დაუჭირა ეუთო-ს მინისტრთა საბჭომ ლუბლიანაში 2005 წლის 5 დეკემბერს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილი შეთანხმებები რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისა და შეიარაღების ტრანზიტის ვადების შესახებ.

სახელმწიფო მეთაურებმა მოუწოდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების და ამ კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ ლისაბონის სამიტზე მიღებული პრინციპების შესრულებისკენ. გამოითქვა იმედი, რომ ეფექტურად გაგრძელდება მოლაპარაკებათა პროცესი, რომელიც ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს ეფუძნება.

სახელმწიფო მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება გააღრმაონ თანამშრომლობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესის გააქტიურების მიზნით და მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ამ საკითხების შესახებ.

სამიტის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის მაღალ დონეს ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობის და სხვა მსგავსი საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი მიესალმნენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ...სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივ განცხადებას, რომელიც მიღებულ იქნა 2006 წლის 22 მაისს გამართულ შეხვედრაზე, ასევე მიესალმნენ სუამ-ის სახელმწიფოების სასაზღვრო სამსახურების ოპერატიულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ოქმის ხელმოწერას სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების მიერ.

სახელმწიფოს მეთაურები მიესალმნენ ვაჭრობისა და ტრანსპორტის წახალისების პროექტის, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ვირტუალური ცენტრისა და საინფორმაციო მენეჯმენტის სახელმწიფოთაშორისი სისტემის პროექტის განხორციელების დაწყებას. პროექტი ხორციელდება მრჩეველთა ევროატლანტიკური ჯგუფისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივის ცენტრის მხარდაჭერით. ისინი აგრეთვე მიესალმნენ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების განხორციელების დაწყებას.

სახელმწიფო მეთაურებმა გამოხატეს მადლიერება აშშ-ის მთავრობის მიმართ აღნიშნული პროექტებისა და სუამ-ის სხვა პროგრამების განხორციელების ეფექტიანი მხარდაჭერისათვის. ისინი მიესალმნენ სუამ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებას და აღნიშნეს თანაქმედების აუცილებლობა ამ პროექტების განხორციელებაში.

აღინიშნა ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა სუამ-სა და ევროკავშირს შორის, ასევე რეგიონალურ ორგანიზაციებთან, პროგრამებსა და ინიციატივებთან, როგორებიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტი, ვიშეგრადის ჯგუფი, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივა და სხვა.

ხაზგასმით აღინიშნა სუამ-ის სახელმწიფოების შემდეგომი თანამშრომლობა გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში და ამ გამოცდილების გამოყენება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისინი მიესალმნენ გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობისთვის სუამ-ის სამოქმედო გეგმის მიღებას.

სახელმწიფო მეთაურებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდების გაცვლის, ტურიზმის და სპორტის მიმართულებით. ისინი ასევე მიესალმნენ სუამ-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას დიპლომატიური წარმომადგენლების სწავლების შესახებ.

კიშინიეუს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, სუამ-ის სახელმწიფოს მეთაურებმა გამოაცხადეს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია -- სუამ-ის შექმნის შესახებ და ხელი მოაწერეს მის წესდებას.

სახელმწიფო მეთაურებმა გამოხატეს რწმენა, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის შექმნა უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას და ხელს შეუწყობს წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას.

აღინიშნა, რომ მომავალი ორგანიზაციის პრიორიტეტები იქნება დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმთან, აგრესიულ სეპარატიზმთან, ექსტრემიზმსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, მდგრადი განვითარება და მათი ხალხის კეთილდღეობა.

სახელმწიფო მეთარებმა კონკრეტულად აღნიშნეს, რომ სუამი ღია ორგანიზაციაა და რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც იზიარებს მის მიზნებსა და პრინციპებს, შეუძლია შეუერთდეს მას. მათ ასევე მიიღეს გადაწყვეტილება დაინტერესებულ სახელმწიფოებთა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სუამ-ის პარტნიორობის შესახებ და დაამტკიცეს შესაბამისი დებულებები.

 

 

 

სუამ–ის 2007 წლის 18–19 ივნისის ბაქოს სამიტის კომუნიკე  


 

2007 წლის 18-19 ივნისს, ქ.ბაქოში, აზერბაიჯანი, ჩატარდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამ-ის მეორე სამიტი ლოზუნგით: "სუამი: ვაერთიანებთ კონტინენტებს". სამიტის ფარგლებში შედგა სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოსა და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოების მორიგი სხდომები, შეხვედრები სუამი-აშშ, სუამი-იაპონია, სუამი-პოლონეთი, ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს სხდომა, დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელთა ერთობლივი სხდომები და სხვა ღონისძიებები.

სახელმწიფოთა მეთაურების საბჭომ თავისი სხდომა ჩაატარა გაფართოებული ფორმატით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, როგორც განსაკუთრებულმა სტუმრებმა-ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის პრეზიდენტებმა, ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ესტონეთის ვიცე-სპიკერმა, ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა, აშშ-ს, იაპონიის, ეუთოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის, იუნესკოს მაღალი დონის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების მეთაურებმა.

საბჭომ უკრაინის პრეზიდენტ ბატონ ვიქტორ იუშჩენკოს მადლობა გადაუხადა სუამ-ში კიევისა და ბაქოს სამიტებს შორის პერიოდში წარმატებული თავმჯდომარეობისათვის. ორგანიზაციაში თავმჯდომარეობა გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკას. საბჭომ აღნიშნა, რომ ბაქოს სამიტი მიმდინარეობს ოთხი სახელმწიფოს მეთაურთა სტრასბურგში, 1997 წლის 10 ოქტომბერს შეხვედრის მე-10 წლის იუბილის წელს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობასა და სუამ-ის ინტეგრაციას.

საბჭომ ხაზი გაუსვა სუამ-ის საერთაშორისო გავლენისა და ავტორიტეტის განუხრელ ზრდას, რაც მოწმობს საერთაშორისო საზოგადოების მხრივ სუამ-ის მხარდაჭერას და იმას, რომ ორგანიზაცია განვითარების სწორ გზას ადგას.

საბჭომ ხელი მოაწერა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამი-ს სამიტის ბაქოს დეკლარაციას "სუამი: ვაერთიანებთ კონტინენტებს", რომელშიც დაადასტურა წევრი სახელმწიფოების ინტერესთა და მიდგომების ერთობა და მათი სწრაფვა, შექმნან სუამ-ის რეგიონში ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე.

სამიტზე განხილულ იქნა ორგანიზაციის განვითარების აქტუალური საკითხები, კიევის 2006 წლის სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულება, აღინიშნა სუამ-ის სამდივნოს საქმიანობის დაწყება. საბჭომ დაამტკიცა სუამ-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმოქმედების გეგმები, ღონისძიებათა კალენდარი. დამტკიცდა სუამ-ის 2007 წლის ბიუჯეტი და შემუშავდა 2008-2010 წლების ბიუჯეტების პროექტები, აგრეთვე მიღებულ იქნა სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

მონაწილე ქვეყნების ურთიერთქმედების საკითხებში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა დაეთმო სუამ-ის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას და მისი, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელი რგოლის როლს. აღინიშნა, რომ სუამ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კონტინენტების დაახლოებაში, აქტუალური პრობლემების გადაჭრისადმი საერთო საფუძვლებისა და მიდგომების პოვნაში, ცივილიზაციათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშემშლელი სტერეოტიპების აღმოფხვრაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვისა და ტრანსკასპიური პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.

ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების თაობაზე შეთანხმება, რომელსაც სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კავშირებისა და გადაზიდვების ეფექტური და მოქნილი სისტემის შექმნას, სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამ სფეროებში ინვესტიციების მოზიდვას და მთლიანობაში ევროპა-აზიის მყარი ხიდის გამართვას.

საბჭომ დაადასტურა სუამ-ის წევრი ქვეყნების კურსის უცვლელობა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების შექმნისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში ორგანიზაციის მიერ წვლილის შეტანის მიმართ.

სამიტის მონაწილეთა განხილვებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს საკითხებმა, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებისადმი მუქარებთან და რისკებთან, საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის, ტრანსეროვნული ორგანიზებული დამნაშავეობის ჩათვლით. სახელმწიფოთა მეთაურებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს მუქარები, მათ შორის მოუგვარებელი კონფლიქტები და სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიებზე უცხოური ჯარებისა და შეიარაღებების უკანონო ყოფნა კვლავ ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას რეგიონში სრულმასშტაბურ გარდაქმნებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

დადასტურებულ იქნა ამ კონფლიქტების მოგვარების მიზნით ერთობლივი აქტიური მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, კონფლიქტების მოგვარების საკითხზე სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი დეკლარაციის დებულებათა შესაბამისად, აგრეთვე სუამ-ის პოზიციების საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობა.

ამასთან დაკავშირებით საბჭომ აღნიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიის დღის წესრიგის 27-ე პუნქტის მიხედვით რეზოლუციის - "გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის სივრცეზე და საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მათი შედეგები" პროექტის წარდგენაში მონაწილე ქვეყნების სოლიდარული ძალისხმევა და მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სუამ-ის ამ ინიციატივას.

საბჭომ გამოხატა რწმენა კოფლიქტებით მოცული ტერიტორიების სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალ-ეკონომიკურ სისტემაში რეინტეგრაციის, მათი სრული რეაბილიტაციის, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში გადაადგილებული მოსახლეობის დაბრუნების, სატრანსპორტო გზების აღდგენის, ამ ტერიტორიებზე თემთაშორისი მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით ამ კონფლიქტების მოგვარების უალტერნატივობის, სამართლიანობისა და სიმტკიცის თაობაზე.

საბჭო მიესალმა სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში, ეუთოში, ევროპის საბჭოში, ევროკავშირში, ნატოში, იუნესკოში სუამი-ს წარმომადგენელთა გაზრდილ ურთიერთმოქმედებას.

საბჭომ აღნიშნა სამიტის ფარგლებში, ეკონომიკური ბლოკის საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათა ხელმძღვანელების დონეზე ერთობლივი სხდომისა და სუამ-ის საქმიანი საბჭოს მორიგი სხდომის ჩატარება. განხილულ იქნა სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების საკითხები, ამ სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გასვლის პერსპექტივები. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაევალა შეისწავლოს სუამ-ის საერთო ბაზრის შექმნის შესაძლებლობა. საბჭომ დადებითად შეაფასა ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და სხვა საშიშ დანაშაულობებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მაღალი დონე. საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე სამართალდამცავ სფეროსა და უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის საკითხებში დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ერთობლივი სხდომის ჩატარებას.

საბჭომ განსაზღვრა ჰუმანიტარულ, მათ შორის კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდული გაცვლის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან დაკავშირებით საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში სამუშაო ჯგუფების ერთობლივი სხდომის ჩატარებას და მხედველობაში მიიღო კულტურის სფეროში 2007-2010 წლებში თანამშრომლობის თაობაზე ოქმის ხელმოწერა.

განიხილა რა ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, საბჭომ მიიღო სუამ-ში დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოწოდებულია სტიმული მიანიჭოს შესაბამისი მიმართულებებით სუამ-ის სახელმწიფოების ეფექტურ ურთიერთქმედებას.

აღნიშნა რა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში სუამ-ის წვლილი, საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე მემორანდუმის დადებას.

საბჭომ კმაყოფილებით აღნიშნა ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის (ვტხპ), აგრეთვე ტერორიზმთან ბრძოლის ვირტუალური ცენტრისა და სუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (ვც/სსას) შექმნის პროექტების წარმატებული განხორციელება და გამოხატა მადლიერება აშშ მთავრობისადმი ამ და თანამშრომლობის სხვა პროგრამების განხორციელებაში ეფექტური ხელშეწყობის გაგრძელებისათვის.

საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში სუამი-აშშ ერთობლივი განცხადების მიღებას, რომელშიც ჩამოყალიბებულია პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და შემდგომი პერსპექტივები.

სამიტის ფარგლებში შედგა სუამი-იაპონიის პირველი შეხვედრა, რომლის შედეგების თანახმად მიღებულ იქნა განცხადება ურთიერთსასარგებლო კონტაქტების აქტიური განვითარების საფუძვლების შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ენერგეტიკულ და ეკოლოგიურ სფეროებში.

სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, რომელმაც გამოხატა სუამ-თან თანამშრომლობის განვითარებისადმი ინტერესი. მხარეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის პერსპექტივები, პირველ რიგში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის დარგებში და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი, სუამ-ის სატრანზიტო დარეფნის განვითარებას.

ხაზი გაესვა სუამ-სა და ევროკავშირს შორის, აგრეთვე რეგიონულ ორგანიზაციებთან, პროცესებთან და ინიციატივებთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას.

საბჭომ აღნიშნა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მაღალი დონე და მოუწოდა მას, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განმტკიცებას.

საბჭო მიესალმა ბაქოში, 2007 წლის 19 ივნისს, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარებას თემაზე "სუამი რეგიონსა და მსოფლიოში" და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით ამგავარი ღონისძიებების რეგულარული ჩატარების აუცილებლობას სუამ-ის წარმომადგენელთა და საზღვარგარეთელ ექსპერტთა მონაწილეობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუამ-ის მე-10 წლის იუბილის წელს.

სამიტის მონაწილეებმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადეს ბაქოს სამიტის კარგი ორგანიზებისათვის და მას წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვეს.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი მორიგი სხდომა ჩაატაროს ქ. თბილისში, საქართველო, 2008 წლის ივნისში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ