ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სამიტები

სუამ-ის დაარსებიდან დღემდე,  ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა  წევრ ქვეყანათა მეთაურთა ცხრა სამიტი.  

1997 წელი - ქალაქ სტრასბურგში გაიმართა პირველი სამიტი (ითვლება ორგანიზაციის დაფუძნების თარიღად).

2001;  2002; 2003  -  წლები  იალტის  სამიტები.  

 2005 წელი -  სამიტი გაიმართა კიშინოვში.

2006  წელი  - სამიტს უმასპინძლა კიევმა.  

2007 წელი - სამიტი გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

2007 წელი -   ორგანიზაციის დაარსების ათი წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამიტი გაიმართა ვილნიუსში. 

2008 წელი -  სამიტს უმასპინძლა ბათუმმა.  

 ინფორმაცია სუამ-ის ბათუმის სამიტთან დაკავშირებით 

 

 2008 წლის 1 ივლისს, ქ. ბათუმში ჩატარდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის  სამიტი, პოლიტიკური დევიზით - "სუამ-ი - აერთიანებს ევროპის აღმოსავლეთს".

სამიტის მომზადების მიზნით, მიმდინარე წლის 25-29 ივნისს, დაბა ჩაქვში ჩატარდა სუამ-ის ექსპერტთა და ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს სხდომები, სადაც შეთანხმდა სამიტზე განსახილველი, მისაღები და ხელმოსაწერი დოკუმენტების პროექტები, ხოლო 30 ივნისს, ქ. ბათუმში გაიმართა დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელთა გაერთიანებული სხდომები სამ (ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამართალდაცვით) ბლოკად, სადაც იმსჯელეს სუამ-ის ფარგლებში დარგობრივი თანამშრომლობის მიმდინარეობასა და მისი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

1 ივლისს, სამიტის პლენარულ სხდომამდე, გაიმართა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა; სუამ-ი - აშშ-ს, სუამ-ი - იაპონიის და სუამ-ი - ჩეხეთის ცალკე ფორმატის შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე; სუამ-ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომა და სუამ-ი - პოლონეთის შეხვედრა სახელმწიფო მეთაურთა დონეზე.

1 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ბათუმის სასტუმრო "ინტურისტში" გაიმართა სამიტის გაფართოებული პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ: სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურები, სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა ოფიციალური დელეგაციები, სამიტზე მოწვეული ოცდახუთზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი და მაღალი დონის წარმომადგენლები, სუამ-ის გენერალური მდივანი და სამდივნოს პროგრამების კოორდინატორები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სამიტის პლენარულ სხდომაზე, ერთი წლის ვადით, სუამ-ის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანის მხრიდან ოფიციალურად გადაეცა საქართველოს მხარეს.

პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სამიტის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია, რომელშიც სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა.

სამიტის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე შეთანხმდა, მიიღეს და ხელი მოაწერეს შემდეგ დოკუმენტებს: 1. ბათუმის სამიტის დეკლარაცია; 2. ბათუმის სამიტის კომუნიკე; 3. სუამ-ის სახელმწიფო მეთაურთა განცხადება სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე; 4. სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის ანგარიში; 5. სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა; 6. სუამ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს (აშშ, იაპონია, პოლონეთი, ჩეხეთი) შორის გამართული შეხვედრების ერთობლივი განცხადებები; 7. ურთიერთგაგების მემორანდუმი სუამ-სა და საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირს შორის და ასევე სუამ-ის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას.

სუამ-ის ბათუმის სამიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველად აანთეს გაზი ბათუმის ერთ-ერთ ოჯახის ბინაში. ასევე, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დაბა სარფში ანდრია პირველწოდებულის ძეგლის გახსნის ცერემონიაში. წმინდა ანდრია პირველწოდებული, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში მოღვაწეობდა, საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ძეგლს საქართველოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ერთიანობის სიმბოლო უწოდა.

 

 სუამ-ის ბათუმის სამიტის შეხვედრებზე გაკეთებული განცხადებები 

 სუამ-ის ბათუმის სამიტის ფარგლებში, 2008 წლის 1 ივლისს, გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს და სამიტის გაფართოებული პლენარული სხდომები, რომელთა შემდეგ გაიმართა სამიტის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია სუამ-ის წევრი და მოწვეული ქვეყნების პრეზიდენტთა მონაწილეობით.

 როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრებს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, და მისალმების შემდეგ ტრადიციულად სიტყვას აძლევდა სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყნის-აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

 სუამ-ის სამიტის პლენარულ სხდომაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზაციისა და მასპინძლობისათვის და ხაზი გაუსვა სუამ-ის შემდგომი განვითარებისათვის ბათუმის სამიტის მნიშვნელობას. მან მაღალი შეფასება მისცა მხარდაჭერას, რომელიც სუამ-ის ქვეყნებმა აღმოუჩინეს აზერბაიჯანს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის მიღების დროს. პრეზიდენტი ალიევი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს და დამსწრეთა ყურადღება მიაბყრო პრობლემებს, რომლებიც წარმოქმნა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა. მისი სიტყვით, მილიონზე მეტი ადამიანი განდევნეს მშობლიური კერიდან, მათი უფლებები უხეშად იქნა შელახული, ოკუპირებულია აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტი. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო ნორმების საფუძველზე, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაფიდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს კავშირები ატარებენ სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს და ეს თანამშრომლობა ხორციელდება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორშიც. მან ისაუბრა ენერგეტიკულ პროექტებში აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ ისახება კასპიის, შავი და ბალტიის ზღვების აუზებში თანამშრომლობის ახალი ინიციატივები, რომელთა შედეგები იქნება ახალი სატრანსპოტო დერეფნების შექმნა, სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობათა განმტკიცება და მჭიდრო თანამშრომლობა.ამასთან, სიმბოლური უწოდა 1 ივლისის დილით, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბათუმელთა ოჯახში აზერბაიჯანული გაზის ანთების ცერემონიალს. პრეზიდენტ ალიევის თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ამიტომ სუამ-ი აქტიურად მუშაობს ენერგეტიკული პრობლემების გადასაჭრელად. "სუამ-ი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია რეგიონის უსაფრთხოებისაკენ", განაცხადა ალიევმა. გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სუამ-ში თავმჯდომარეობა გადასცა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

 უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ აღნიშნა, რომ სუამ-ი უფრო აქტიურად უნდა ჩაებას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. "საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში არსებული გაყინული კონფლიქტები დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენენ, ამიტომ საჭიროა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე მათი მშვიდობიანი მოგვარების პროცესის გააქტიურება", დასძინა იუშჩენკომ. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყარაბაღის კონფლიქტების მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებათა პროცესი არც თუ ეფექტურად მიმდინარეობს. ამის გამო, აუცილებელია, მოიძებნოს მოლაპარაკებათა იმგვარი ფორმატი, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინ წავწიოთ ამ კონფლიქტების მოგვარების პროცესი. ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეულია გარკვეული პროგრესი. პრეზიდენტმა იუშჩენკომ დამსწრეთა ყურადღება მიაბყრო ევრო-აზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის პროექტის რეალიზაციას, რაც ამჟამად ტექნიკურ სტადიაში იმყოფება. იგი შეეხო სუამ-ის ქვეყნების სატრასპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას, აგრეთვე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტიულობას. მან გამოთქვა იმედი, რომ სუამ-ის ქვეყნები და პოლონეთი მჭიდროდ ითანამშრომლობენ, რათა გაერომ მიიღოს რეზოლუცია "გოლოდომორის" უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარების თაობაზე. შეაფასა რა მთლიანად გასული წლის მანძილზე ორგანიზაციის საქმიანობა, იუშჩენკომ აღნიშნა, რომ დარგობრივი პროექტების ფორმირება უფრო მკაფიო გახდა და რომ ახლა ორგანიზაციას გააჩნია უახლოესი თორმეტი თვის მკაფიო ამოცანები.

 საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სუამ-ის ბათუმის სამიტის მასპინძელმა და ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორგანიზაციის დადებით როლს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობას, რთული რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების მიზნით. დადებითად შეაფასა ორგანიზაციაში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობა და სუამ-ის საერთაშორისო პოპულარობის ზრდის ტენდენცია, რისი დადასტურებაცაა ბათუმის სამიტზე ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობა. მან იმედი გამოთქვა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობაც წარმატებული იქნება და შესაძლებელს გახდის კიდევ უფრო გაფართოვდეს ორგანიზაციის თანამშრომლობის საზღვრები და სფეროები.

 სამიტის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმთავრესი, რაც აერთიანებს სუამის წევრ ქვეყნებს, ესაა ცივილიზებულ სივრცეში მათი ინტეგრირების ურყევი სურვილი. მისი სიტყვით, ამჟამად საქართველო რთულ ვითარებაში იმყოფება, რადგან არსებობს მისი დანაწევრების მცდელობა. მან გამოთქვა რწმენა, რომ სუამ-ის ქვეყნები შეძლებენ მიაღწიონ რეგიონში ერთობასა და სიწყნარეს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, ევროპის ახალი გადანაწილება და საზღვრების გადახედვა აღარ განხორციელდება. სუამის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები წარმოადგენს ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობის ნიმუშს.

 პოლონეთის პრეზიდენტმა ლეჰ კაჩინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სუამ-ი წარმოადგენს მზარდ და პერსპექტიულ რეგიონალურ ორგანიზაციას. მეც, როგორც კერძო პირი ამ გაერთიანების წევრად ჩამთვალეთ, ხაზი გაუსვა კაჩინსკიმ. ენერგეტიკული პროექტების განხორციელება როგორც სუამ-ის ფარგლებში, ასევე უფრო ფართო სპექტრში მეტად შთამბეჭდავია, აღნიშნა მან. შეეხო რა საქართველოსა და უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებას, კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამაში ეჭვი არ მეპარება და მართალია, პოლონეთს არ გააჩნია გადამწყვეტი ხმა, ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და უკრაინისათვის ალიანსის მიერ MAP-ის მინიჭებას, აღნიშნა მან. პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლინობის პრინციპის მიმართ თავისი ქვეყნის ერთგულება და დაგმო მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის პოლიტიკა.

ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა, თავის გამოსვლაში მიუთითა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შემდგომი განვითარებისა და მათი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებული რეალიზაციის მიზნით. ამასთან, ხაზი გაუსვა ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონალური თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინების საჭიროებას და მხარი დაუჭირა სუამ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

 სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ამჟამად სუამ-ი წარმოადგენს სრულფასოვან ევროპულ ორგანიზაციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ევროპასთან დაახლოება და სუამ-ის სივრცეზე თანამშრომლობის ცივილიზებული ფორმების ჩამოყალიბება. ნიშანდობლივია, რომ იზრდება ორგანიზაციის მიმართ ევროპის ინტერესი, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სამიტის მუშაობაში მონაწილებას იღებენ იმ სახელმწიფოების, პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები, რომლებიც არ არიან სუამ-ის წევრები. მან იმედი გამოთქვა, საქართველო, თავისი თამჯდომარეობის დროს, მთავარ ყურადღებას დაუთმობს ორგანიზაციის საქმიანობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა პოლიტიკური ურთიერთობების (პირველ რიგში ევროკავშირთან) გააქტიურებას, კონფლიქტების მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის გაძლიერებას, სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციას.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ